„ჩემამდე ბევრად უფრო ლამაზად შოთა ამბობდა, რომ „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“. ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში, რომ შეიძლება, ძალიან მალე სულს ავნოს ამდენმა სიძულვილმა, რომელიც ქვეყანაში ტრიალებს, ქმნის რაღაც შავ აურას და ამას ვხედავთ, მერე გადადის ახალგაზრდებზე. ეს უთუოდ უნდა ავიცილოთ თავიდან და მე კი არ ვარ რაღაც სასწაული ჯოხის მომტანი, ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ თქვენ, მე, მედიამ, რომელსაც დიდი როლი აქვს ამ სიტუაციაში, რომ რაღაცნაირად გამოვასწოროთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიტყვით გამოსვლის დროს, პრეზიდენტობის კანდიდატმა ქართული ენის ცოდნასთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ამას მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამომრჩევლის წინაშე „მოდის ისეთი, როგორიც არის“.
„მოვდივარ ასევე ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნი არის, რასაც არა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ცხადია, მე არ გამივლია სკოლა, უნივერსიტეტი, მთელი ეს საფეხურები საქართველოში და როგორც არის, ისეთი არის. თუმცა ჩემ თავზე მე ძალიან ბევრი ვიმუშავე. მინდა მივმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს არიან საზღვარგარეთ, თქვენ ისწავლეთ ქართული, არ დაივიწყოთ და როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით, იმიტომ რომ ჩემი მაგალითი სწორედ ეს არის, რომ მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, საპრეზიდენტო კამპანია დღეს ქუთაისიდან დაიწყო.